ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი

როგორ მოვუაროთ სამზარეულოს ტექნიკას

როგორ მოვუაროთ სამზარეულოს ტექნიკას

გაინტერესებთ, როგორ აქციოთ სამზარეულო ადგილად, სადაც ყველაფერი წესრიგშია და შეუფერხებლად მუშაობს? ამის საიდუმლო სამზარეულოს ტექნიკის რეგულარულ და ადეკვატურ მოვლაში მდგომარეობს.

დროთა განმავლობაში, ტექნიკის ზედაპირებზე ცხიმისა და საკვების ნარჩენები გროვდება. დიდხანს გაჩერების შემთხვევაში ცხიმის ნაწილაკები ტექნიკის გაგრილების სისტემის ფუნქციონირებას აფერხებს, რაც გადახურების რისკს ზრდის. საკვების ნარჩენები კი ობისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, რაც ტენიანობას ზრდის და ნაწილების დაზიანების ალბათობას აჩენს. 

სწორედ ამიტომ, დღეს გაგიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ მოვუაროთ სამზარეულოს ტექნიკას, ისე, რომ დიდხანს იდეალურად გემსახუროთ. 

გაზქურა

გაზქურა სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილია. იმისთვის, რომ ის კარგ მდგომარეობაში იყოს და უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს, საჭიროა მისი სწორი მოვლა.

პირველ რიგში, გაზქურის ზედაპირის თავები და დანარჩენი ნაწილები ცხიმისაგან სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს. ამისათვის, თბილი წყალი და სარეცხი საშუალება დაგჭირდებათ. მცირე დროის განმავლობაში გაზქურის ნაწილები წყალში დააყოვნეთ, შემდეგ კი ჯაგრისით გაწმინდეთ. ასევე, ქურის ზედაპირის  გაწმენდაც არ გამოგრჩეთ. 

თუ გაზქურას ლითონის ნაწილები აქვს, მას განსაკუთრებულად უნდა მოუფრთხილდეთ, რათა ჟანგი არ გაჩნდეს. ამისათვის, ლითონის ნაწილები სველ ან ნესტიან მდგომარეობაში ხანგრძლივად არ უნდა დატოვოთ. იმ შემთხვევაში თუ ჟანგი მაინც გაჩნდა, მსუბუქ ეროზიას სოდისა და წყლის ნაზავით შეგიძლიათ ებრძოლოთ ან პროფესიონალური წმენდის საშუალებები გამოიყენოთ. 

ღუმელი

ღუმელის რეგულარული დასუფთავება აუცილებელია როგორც ჰიგიენის, ისე მისი გამართული მუშაობისთვის. ცხიმისა და საკვების ნარჩენების მოსაშორებლად ღუმელი ჯერ დაბალ ტემპერატურაზე გაათბეთ, შემდეგ სპეციალური საწმენდი ფხვნილი მოაყარეთ, ცოტაოდენი წყალი დაასხით და რამდენიმე საათით დავაყოვნეთ. ბოლოს ჯაგრისით მოხეხეთ და თბილი წყლით კარგად ჩამორეცხეთ. ეს ის პროცედურაა, რომლის ხშირი გამეორებაც ღუმელის პირვანდელი სახის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ გამაგრებული ცხიმის ლაქები, უმჯობესია კერძის მომზადების შემდეგ წმენდის პროცედურა დაუყოვნებლივ ჩაატაროთ. 

ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ჭურჭლის სარეცხი მანქანის სწორი მოვლისათვის რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი:

პირველ რიგში, მანქანის ფილტრი და დისპენსერი უნდა გაწმინდოთ. ამოვიღეთ ფილტრი და ჩამორეცხეთ თბილი წყლით, რომელშიც სარეცხი საშუალებაა გაზავებული. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი. ზუსტად იგივე ეტაპები გაიმეორეთ დისპენსერზეც.

სარეცხი საშუალება ყურადღებით შეარჩიეთ. ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტიპი და წყლის სიხისტე. 

ამასთანავე, დეზინფექციისთვის თვეში ერთხელ ცარიელი მაქანა მაღალი ტემპერატურის რეცხვით რეჟიმზე ჩართეთ, დაამატეთ ლიმონმჟავა ან სპეციალური საწმენდი საშუალება. 

სამზარეულოს გამწოვი

სამზარეულოს გამწოვის მოვლის მთავარი ეტაპი მოწყობილობის ფილტრის რეგულარული წმენდაა. ამისათვის ნაწილი მოათავსეთ ცხელ წყალში, დაამატეთ სარეცხი საშუალება და რბილი ჯაგრისით გაწმინდეთ. 

გამომდინარე იქიდან, რომ გამწოვი დიდი რაოდენობით ცხიმს იწოვს, მისი ზედაპირიც გარკვეული პერიოდულობით ცხიმის საწინააღმდეგო საშუალებებით უნდა იწმინდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწყობილობას გაუჩნდება რთულად მოსაშორებელი ლაქები, რამაც შეიძლება დააზიანოს ის. 

ასევე, მნიშვნელოვანია სავენტილაციო არხების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში გაწმენდა, რათა თავიდან აიცილოთ ცხიმის დაგროვება და ჰაერის ნაკადის შეფერხება. თუ შეამჩნევთ, რომ ვენტილაცია სათანადოდ არ მუშაობს, უმჯობესია პროფესიონალურ დახმარებას მიმართოთ.

მაცივარი

რეკომენდებულია მაცივრის შიდა თუ გარე ზედაპირების რბილი ქსოვილითა და მსუბუქი სარეცხი საშუალებით  წმენდა. 

დარწმუნდით, რომ ტემპერატურა სწორადაა დაყენებული – 3-5°C მაცივრისთვის და -18°C საყინულისთვის. საკვები განალაგეთ ისე, რომ ყველაზე მალფუჭებადი პროდუქტები ქვედა თაროებზე იყოს, ხოლო ნაკლებად მალფუჭებადი – ზედა თაროებსა და კარზე.

რეგულარულად შეამოწმეთ კარის რეზინის მდგომარეობა. თუ ის დაზიანებულია, შეცვალეთ. მაცივარი უნდა იდგეს სწორ ზედაპირზე, რომ კარი თანაბრად იკეტებოდეს.

მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღური ღუმელი ძალიან მოსახერხებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. მისი სწორი მოვლა კი აუცილებელია როგორც ჰიგიენის, ისე უსაფრთხოების დასაცავად.

ყოველი გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ მიკროტალღური ღუმელის  შიდა და გარე ზედაპირები თბილი წყლით და რბილი ქსოვილით. ხოლო ლაქების მოსაშორებლად შედგით თასით წყალი, რომელშიც ლიმონის ნაჭერს მოათავსებთ და ჩართეთ რამდენიმე წუთით.

გამოიყენეთ მხოლოდ მიკროტალღურისთვის განკუთვნილი მინის, კერამიკის ან სილიკონის ჭურჭელი. მოერიდეთ ლითონის ნივთებს და პლასტმასას, რომელიც შეიძლება დადნეს.

ზოგადი რჩევები სამზარეულოს ტექნიკისათვის

სამზარეულოს ტექნიკის მოვლისას აუცილებელია რამდენიმე ზოგადი პრინციპის გათვალისწინება.

პირველ რიგში, ყოველთვის მიჰყევით მწარმოებლის მიერ მოწოდებულ ინსტრუქციებს ტექნიკის გამოყენებისა და მოვლის შესახებ. სანამ დაიწყებთ წმენდას აუცილებლად გამორთეთ ტექნიკა დენის წყაროდან.

ქიმიური საშუალებების გამოყენებისას იყავით ფრთხილად – წაიკითხეთ ეტიკეტზე მოცემული ინსტრუქციები, გამოიყენეთ სათანადო პროდუქტები და მოერიდეთ სხვადასხვა ნივთიერებების შერევას. აუცილებლად გაანიავეთ ოთახი და გაიკეთეთ დამცავი ხელთათმანები.

დაიცავით ტექნიკის ზედაპირები ზედმეტი ტენისა და სისველისგან, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიების გამრავლება, კოროზია და ელექტროკომპონენტების დაზიანება. წმენდის შემდეგ კარგად გაამშრალეთ ზედაპირები.

ამ რჩევების გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ, რომ სამზარეულოს ტექნიკა იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ გამართული, რაც  დროისა და ფინანსების დაზოგვაში დაგეხმარებათ.

კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი