რატომ არ მუშაობს სარეცხი მანქანა? ძირითადი პრობლემები და როგორ გავუმკლავდეთ მათ
სარეცხი მანქანა ის გამოგონებაა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა – სარეცხის რეცხვის რამდენიმე საათიანი, დამღლელი პროცესი მან სასიამოვნოდ გაამარტივა და მნიშვნელოვნად შეგვიმსუბუქა შრომა. სწორედ ამიტომ, როდესაც ეს შეუცვლელი დამხმარე მოულოდნელად მწყობრიდან გამოდის, ეს ნამდვილ დისკომფორტს იწვევს. თუმცა, სანამ სერიოზულ პრობლემაზე დაიწყებთ ფიქრს, გახსოვდეთ, რომ ხშირად გაუმართაობის მიზეზი არც ისე რთულია და მისი აღმოფხვრა სპეციალისტის დახმარების გარეშეც შესაძლებელია.
პრობლემა #1: სარეცხი მანქანა საერთოდ არ ირთვება
საკმაოდ დამთრგუნველი სიტუაცია იქმნება მაშინ, როდესაც სარეცხი მანქანა საერთოდ არ ირთვება, “start” ღილაკზე დაჭერისას მოწყობილობა არ რეაგირებს — არც ხმა ისმის და არც სამართავ პანელზე ჩნდება ინდიკატორები. ასეთ დროს რამდენიმე საბაზისო, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი უნდა შემოწმდეს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა შეამოწმოთ ელექტროენერგიის მიწოდება. დარწმუნდით, რომ სარეცხი მანქანა როზეტში სწორად არის ჩაერთებული. როზეტის ფუნქციონირება შეგიძლიათ სხვა მოწყობილობით შეამოწმოთ, მაგალითად, შეაერთეთ ტელეფონის დამტენი ან ფენი. ასევე, ყურადღებით დაათვალიერეთ სარეცხი მანქანის კვების კაბელი — ხომ არ აღენიშნება მას რაიმე სახის დაზიანება, ხომ არ არის მოკეცილი ან დამწვარი.
თუ ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, შემდეგი შესამოწმებელი კომპონენტი კარის ჩამკეტი მექანიზმია. თანამედროვე სარეცხი მანქანები, უსაფრთხოების მექანიზმითაა აღჭურვილი და მოწყობილობა რეცხვას მანამ არ იწყებს, სანამ კარი ბოლომდე და საიმედოდ არ დაიხურება.
იმ შემთხვევაში, თუ კარი იკეტება, მაგრამ მანქანა მაინც არ იწყებს მუშაობას, შესაძლოა, თავად ჩამკეტი მექანიზმი დაზიანდა ან მასში რაიმე უცხო სხეული გაიჭედა. ზოგჯერ, ტანსაცმლის მცირე ნაწილები ან სხვა საგნები კარსა და რეზინის მანჟეტს შორის ყვება, რაც ხელს უშლის კარის სრულყოფილ დახურვას. ამიტომ, მსგავსი პრობლემისას ყურადღებით დაათვალიერეთ ეს არე.
იმ შემთხვევაში, თუ სარეცხ მანქანას დენი სტაბილურად მიეწოდება და მისი კარიც იდეალურად იკეტება, მაგრამ ის მაინც არ ირთვება, შესაძლოა პრობლემა მართვის პანელში იმალებოდეს. ამას იწვევს ისეთი ტექნიკური ხარვეზები სარეცხ მანქანაში, როგორებიცაა ღილაკის მექანიკური გაჭედვა და შიდა კონტაქტების დაზიანება. მართვის პანელის დიაგნოსტიკა და შეკეთება, როგორც წესი, სპეციალისტის ჩარევას მოითხოვს, რადგან ის რთული ელექტრონული კომპონენტია. თუმცა, მექანიკური ღილაკების გაჭედვის პრობლემას თავიდან აცილებთ თუ არჩევანს Kuppersberg-ის სენსორული მართვის პანელის მქონე მოდელზე შეაჩერებთ.
პრობლემა #2: სარეცხი მანქანა წყალს არ იღებს ან ვერ აცლის მას
ხშირია შემთხვევა, როდესაც სარეცხი მანქანა ან წყლით ვერ ივსება, ან პირიქით, რეცხვის შემდეგ წყლით სავსე რჩება.
თუ მანქანა წყალს არ იღებს, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ წყლის მიმწოდებელი ონკანები გახსნილია. შემდეგ, დაათვალიერეთ შემშვები შლანგები – ხომ არ არის გადაგრეხილი, დაზიანებული ან გაჭედილი. ასევე, მნიშვნელოვანია შემშვებ შლანგთან არსებული პატარა ბადისებრი ფილტრების კონტროლი. ეს ფილტრები წყალში არსებულ მყარ ნაწილაკებს იჭერს და დროთა განმავლობაში შეიძლება გაიჭედოს. ასეთ დროს ფრთხილად მოხსენით შლანგი და გაწმინდეთ ეს ფილტრი. იშვიათად, მაგრამ ამ პრობლემის მიზეზი შეიძლება სახლის წყალმომარაგების სისტემაში წყლის დაბალი წნევაც იყოს.
თუ მანქანა წყლით სავსე რჩება და ვერ იცლება, შეამოწმეთ სადრენაჟო შლანგის მდგომარეობა. დარწმუნდით, რომ ის არ არის გაჭედილი, დაზიანებული ან არასწორ სიმაღლეზე მოთავსებული, რამაც შეიძლება წყლის გადინება შეაფერხოს. თუმცა, ყველაზე ხშირად ამ პრობლემას სადრენაჟო ფილტრი იწვევს. ის, როგორც წესი, მანქანის წინა, ქვედა ნაწილშია მოთავსებული და რეცხვისას მოხვედრილ წვრილ ნივთებს — მონეტები, ღილები და ა.შ. — აკავებს. თუკი ეს ფილტრი გაიჭედა, წყალი ვეღარსად გავა. ფრთხილად გახსენით ფილტრის თავსახური (დააფინეთ პირსახოცი, რადგან შესაძლოა, მცირე რაოდენობით წყალი გადმოიღვაროს), ამოიღეთ, კარგად გაასუფთავეთ და დააბრუნეთ თავის ადგილას. ამ ფილტრის რეგულარული წმენდა ბევრ პრობლემას აგარიდებთ.
პრობლემა #3: სარეცხი მანქანის ბარაბანი არ ტრიალებს ან უჩვეულო ხმებს გამოსცემს
ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა წყლით ივსება, ბარაბანი ან საერთოდ უძრავია, ან მუშაობისას უჩვეულო ხმებს – კაკუნს, ღრჭიალს, გუგუნს – გამოსცემს.
თუ ბარაბანი არ ტრიალებს, შესაძლოა მასში დიდი რაოდენობით სარეცხი ჩატვირთეთ ან არათანაბრად გადაანაწილეთ. თანამედროვე მანქანებს აქვთ დისბალანსის კონტროლის ფუნქცია, რომელიც დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ბარაბანს აჩერებს. ამიტომ, გამორთეთ მანქანა, შეამცირეთ სარეცხის რაოდენობა ან თანაბრად გადაანაწილეთ იგი და ხელახლა ჩართეთ რეცხვის სასურველი რეჟიმი.
თუ სარეცხის შემცირება ან თანაბრად გადანაწილება არ უშველის მაშინ, შესაძლოა, ძრავის ღვედი იყოს დაზიანებული – გაცვეთილი, მოშვებული ან გაწყვეტილი. თუ ძრავის ხმა გესმით, მაგრამ ბარაბანი არ მოძრაობს, სავარაუდოდ, პრობლემა სწორედ ღვედშია. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, Kuppersberg-ის თანამედროვე სარეცხი მანქანები, რომლებიც ინოვაციური ინვენტორული ძრავითაა აღჭურვილი. მექანიზმი პირდაპირი ამძრავით მუშაობს, რაც ღვედთან დაკავშირებულ პრობლემებს გამორიცხავს და მოწყობილობის საიმედოობას ზრდის.
რაც შეეხება უჩვეულო ხმებს, კაკუნის ან ჭრიალის მიზეზი ხშირად ბარაბანში ან მის გარშემო გაჭედილი საგნებია. ყურადღებით დაათვალიერეთ ბარაბნის შიდა მხარე. თუ მანქანა ძლიერ ვიბრირებს და ხტუნავს, განსაკუთრებით წურვისას, ეს შესაძლოა, ამორტიზატორების ან ზამბარების ცვეთაზე მიუთითებდეს. ხოლო თუ ბარაბნის ტრიალისას მუდმივი, მზარდი გუგუნი ან ჭრიალი გესმით დიდი ალბათობით, საკისრებია დაზიანებული. ეს სერიოზული გაუმართაობაა და მისი მოგვარება, როგორც წესი, სპეციალისტის ჩართულობას საჭიროებს.
პრობლემა #4: სარეცხი მანქანიდან წყალი ჟონავს
არანაკლებ უსიამოვნო პრობლემაა, სარეცხი მანქანიდან წყლის გაჟონვა. წყლის გუბე სარეცხი მანქანის გარშემო სერიოზულ დისკომფორტს ქმნის და მრავალსართულიან საცხოვრებელში, მეზობლებთან ურთიერთობის გაფუჭების რისკსაც კი ატარებს.
ამ პრობლემის შემთხვევაში, პირველ რიგში, შეამოწმეთ მილების შეერთების ადგილები. ხშირად, გაჟონვის მიზეზი მოშვებული მომჭერი ან დაზიანებული შუასადებია. ყურადღება მიაქციეთ კარის მანჟეტს (რეზინს). ის შეიძლება დროთა განმავლობაში გაცვდეს ან გაიხეს. ყურადღებით დაათვალიერეთ მანჟეტი, განსაკუთრებით მისი ქვედა ნაწილი, სადაც წყალი გროვდება. მცირე ზომის დაზიანება სპეციალური წებოთი შეკეთდება, მაგრამ რთულ სიტუაციებში მისი შეცვლაა რეკომენდებული.
წყლის გაჟონვის კიდევ ერთი, ერთი შეხედვით, მოულოდნელი მიზეზი შეიძლება სარეცხი საშუალების უჯრა აღმოჩნდეს. თუ ფხვნილს ან სითხეს გადაჭარბებული რაოდენობით იყენებთ, ან თუ უჯრა ძველი, გამაგრებული ნარჩენებით არის გაჭედილი, რეცხვისას შესაძლოა წყალი გადმოიღვაროს. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ უჯრის რეგულარული წმენდა.
გაცილებით იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ გაჟონვა სარეცხი მანქანის შიდა ავზის გაბზარვამ ან შიდა რეზინის მილების დაზიანებამ გამოიწვიოს. ასეთი სერიოზული პრობლემების დიაგნოსტიკა და შეკეთება კი, უმჯობესია, გამოცდილ სპეციალისტს მიანდოთ.
პრობლემა #5: სარეცხი ცუდად ირეცხება ან ლაქები რჩება
ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა თითქოს გამართულად მუშაობს, რეცხვის შედეგი მაინც არადამაკმაყოფილებელია – ტანსაცმელი ბოლომდე სუფთა არ არის ან ლაქები რჩება. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორი შეიძლება იყოს.
უპირველეს ყოვლისა, დარწმუნდით, რომ ქსოვილის ტიპისა და დაბინძურების ხარისხის შესაბამის პროგრამას ირჩევთ. მაგალითად, ძლიერ დასვრილი ტანსაცმლისთვის სწრაფი რეცხვის ციკლი საკმარისი არ იქნება.
ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს სარეცხი საშუალების ხარისხსა და რაოდენობას. იყენებთ თუ არა საკმარის სარეცხ საშუალებას, ან პირიქით, ხომ არ ასხამთ ზედმეტს? შეამოწმეთ მისი ვარგისიანობის ვადა, რადგან დაბალი ხარისხის მქონე ან ვადაგასულმა ფხვნილმა შეიძლება სასურველი შედეგი ვერ მოგცეთ. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ რთულ ლაქას (მაგალითად, ღვინის ან ბალახის) შესაძლოა, სპეციალური საშუალებით წინასწარი დამუშავებაც დასჭირდეს.
რეცხვის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს მანქანის გადატვირთვაც. თუ ბარაბანი მეტისმეტად სავსეა, წყალსა და სარეცხ საშუალებას არ ექნება საკმარისი სივრცე, რომ თავისუფლად იმოძრაოს და ქსოვილი ეფექტურად გაასუფთაოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მანქანის შიდა ჰიგიენის დაცვა. დროთა განმავლობაში, მანქანის შიგნით, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ ადგილებში (მანჟეტის ნაკეცები, სარეცხი საშუალების უჯრა, ფილტრი), სარეცხი საშუალების ნარჩენები, ბოჭკოები, ობი და ბაქტერიები გროვდება. ეს არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს წარმოქმნის, არამედ რეცხვის ხარისხსაც აუარესებს. ამიტომ, რეკომენდებულია პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც, ჩაატაროთ სარეცხი მანქანის პროფილაქტიკური გაწმენდა სპეციალური საშუალებებით ან მაღალ ტემპერატურაზე (60-90°C) ცარიელი ბარაბანი გარეცხოთ.
პრევენცია სერიოზული გართულებების არიდების საუკეთესო გზაა
სარეცხი მანქანის მრავალი პრობლემის თავიდან აცილება მისი სწორი გამოყენებითა და რეგულარული, მარტივი მოვლით შეგიძლიათ. დაიცავით მწარმოებლის რეკომენდაციები ჩატვირთვისას და არ გადატვირთოთ მანქანა. რეცხვის წინ ყოველთვის შეამოწმეთ ტანსაცმლის ჯიბეები, რათა უცხო საგნები არ მოხვდეს ბარაბანში.
გამოიყენეთ ხარისხიანი სარეცხი საშუალებები და ზუსტად დაიცავით დოზირება. არ დაივიწყოთ ფილტრების – როგორც სადრენაჟო, ისე წყლის შემშვები შლანგის – რეგულარული გაწმენდა. ასევე, პერიოდულად გაასუფთავეთ სარეცხი საშუალების უჯრა და კარის რეზინის მანჟეტი.
როდის მივმართოთ სპეციალისტს?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წვრილმანი პრობლემის მოგვარება თავად შეგიძლიათ, არსებობს სიტუაციები, როდესაც პროფესიონალი ხელოსნის ჩარევა გარდაუვალი და აუცილებელია.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს, თუ:
- სარეცხი მანქნის პრობლემა ელექტროობას უკავშირდება და არ ფლობთ შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას;
- საჭიროა რთული მექანიზმების (როგორიცაა ძრავა, მართვის პანელი, საკისრები) დიაგნოსტიკა ან შეცვლა;
- ყველა რეკომენდაცია სცადეთ, მაგრამ გაუმართაობა მაინც ვერ აღმოფხვერით.
სარეცხი მანქანის გაუმართაობა, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა, მაგრამ ხშირად მარტივად მოგვარებადია. სარეცხი მანქანის პრობლემების უმეტესობას აქვს თავისი მიზეზი და, შესაბამისად, არსებობს მისი გადაჭრის გზაც. მთავარია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თანმიმდევრულად შეამოწმოთ შესაძლო გამომწვევი ფაქტორები.
თუ სარეცხი მანქანის პრობლემა თქვენს კომპეტენციას სცილდება, გახსოვდეთ, რომ კვალიფიცურ სპეციალისტს უნდა სთხოვოთ დახმარება. ზოგჯერ, განსაკუთრებით ძველი მოდელების შემთხვევაში, გაუმართაობა იმდენად რთულია, რომ მისი გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელი ან ეკონომიკურად გაუმართლებელია. ასეთ დროს, ახალი, თანამედროვე და საიმედო სარეცხი მანქანის შეძენა საუკეთესო გამოსავალია. უახლესი მოდელებისა და საუკეთესო შეთავაზებების სანახავად, ეწვიეთ Kuppersberg-ის ვებგვერდს ან შოურუმს.