გაზქურის ზედაპირის მოვლა: 5 მთავარი შეცდომა, რომელიც სამზარეულოს ტექნიკას აზიანებს
გაზქურის ზედაპირის წმენდისას გამოყენებული არაერთი მეთოდი, რომელიც ერთი შეხედვით ეფექტური ჩანს, სინამდვილეში ტექნიკას აზიანებს. ნაკაწრები, ფერის ცვლილება და ზედაპირის სტრუქტურის შეცვლა ხშირად სწორედ იმ გავრცელებული შეცდომების შედეგია, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვუშვებთ.
Kuppersberg-ის გუნდი ხშირად ვიღებთ შეკითხვებს ტექნიკის მოვლასთან დაკავშირებით. ამიტომ, გადავწყვიტეთ ერთ ბლოგში მოგვეყარა თავი იმ პრაქტიკული რჩევებისა და გავრცელებული შეცდომების შესახებ, რომლებზეც ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვესაუბრებით. ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ დაზიანება და ტექნიკის იერსახე დიდი ხნის განმავლობაში უცვლელად შეინარჩუნოთ.
შეცდომა #1: აბრაზიული საშუალებებისა და უხეში ხელსაწყოების გამოყენება
მიმწვარი საკვების დანახვისას მაშინვე უხეშ ღრუბელსა და სახეხ საშუალებას ვიღებთ, რადგან გვგონია, რომ ასე ნარჩენებს ზედაპირიდან მარტივად მოვაშორებთ. რეალურად, ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, რადგან აბრაზიული საშუალებები, მეტალის ღრუბლები, ასაფხეკი დანები და სხვა ბასრი საწმენდები ზედაპირებს — ფოლადსაც და ნაწრთობ მინასაც — აზიანებს. ამას თავიდან ვერ ვამჩნევთ, რადგან მხოლოდ მიკრონაწილები წარმოიქმნება. თუმცა, გარკვეული დროის გასვლის, მასში ნარჩენების დაგროვებისა და წმენდის გართულების პარალელურად, ნაკაწრები ხილვადი ხდება.
ფოლადის ჯაგრისის გამოყენება ორმაგად საშიშია. ის არა მხოლოდ კაწრავს ზედაპირს, არამედ ფოლადის უმცირეს ნაწილაკებსაც ტოვებს ზედაპირზე, რომლებიც ნაკაწრებში იჭედება. ეს ნაწილაკები, განსხვავებით თავად ზედაპირისგან, ადვილად იჟანგება და ტექნიკაზე ლაქები ჩნდება.
რა არის უსაფრთხო ალტერნატივა? გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ლაქები ზედაპირთან ნაკლებადაა შეჭიდული, ვიდრე ძველი, უკვე გამხმარი და მიმწვარი ნარჩენები, საუკეთესო მიდგომა გაზქურის მომენტალური წმენდაა.
თუ ლაქა უკვე გამაგრებულია, ყოველდღიური წმენდისთვის გამოიყენეთ რბილი, მიკროფიბერის ქსოვილი. უფრო რთული ლაქებისთვის ეფექტურია სოდისა და წყლისგან დამზადებული ხსნარი. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ არააბრაზიული ღრუბლები და რბილი პლასტმასის ჯაგრისები. ძალიან გამაგრებული ნარჩენების შემთხვევაში კი დასაშვებია პლასტმასის საფხეკის ან სილიკონი სპატულის ფრთხილი გამოყენება.
შეცდომა #2: ჩასაშენებელი გაზის ზედაპირი არასწორად შერჩეული ქიმიური საშუალებებით იწმინდება
ყველა საწმენდი საშუალება ყველა ტიპის ზედაპირისთვის არ არის განკუთვნილი. ზოგიერთი ხსნარი ზედმეტად ძლიერია, მაგალითად, ღუმლის საწმენდი საშუალებები, სქელი ნადების მოსაშორებლად ძლიერ ქიმიურ ნაერთებს შეიცავს, რომელთა გამოყენება გაზქურის, განსაკუთრებით ფოლადის, ზედაპირზე კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან წმენდისას შეიძლება საღებავი მოშორდეს და ლითონი დაიშალოს.
ამასთან ერთად, უჟანგავი ფოლადი არ გაწმინდოთ ე.წ. ქლორის (მათეთრებლის) შემცველი ხსნარებით. მას უჟანგავი იმიტომ ჰქვია, რომ ზედაპირს ქრომის ოქსიდის უთხელესი, ფაქტობრივად უხილავი დამცავი ფენა ფარავს, რომელიც ქვეშ არსებულ რკინას დაჟანგვისაგან იცავს. ქლორის იონები კი აზიანებს ამ დამცავ გარსს, შლის მას და ლითონს წერტილოვნად აზიანებს, რის გამოც ის იჟანგება.
მსგავსი საფრთხე მინის ზედაპირსაც ემუქრება. გაგვიგია, რომ მას ფანჯრების საწმენდი საშუალებებით უვლიან, რაც არასწორი მიდგომაა. ეს იმიტომ, რომ ამგვარი სითხეები ხშირად ამიაკს შეიცავს, რაც ზედმეტად მძაფრია ნაწრთობი მინისათვის — აჩენს ლაქებს და აზიანებს მას.
ამ მიმართულებით საუკეთესო მეთოდია თბილი წყლისა და ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენება. უფრო რთული ლაქებისათვის კვლავ გამოიყენეთ სოდისა და წყლის ხსნარი. იმ შემთხვევაში, თუ ამ მეთოდებით ვერაფერს გახდით, გირჩევთ, რომ შეარჩიოთ ის საწმენდი საშუალება, რომელიც განკუთვნილია კონკრეტული ზედაპირისათვის, იქნება ეს უჟანგავი ფოლადის თუ მინის ჩასაშენებელი გაზის ზედაპირი.
შეცდომა #3: ცხელი ზედაპირის გაწმენდის მცდელობა
თუ ჩასაშენებელი გაზის ზედაპირი ჯერ კიდევ ძალიან ცხელია, მაშინ მისი გაწმენდა სარისკოა. მაგალითად, ცხელ მინაზე წყლის ან საწმენდი ხსნარის დასხმა ე.წ. ,,თერმულ შოკს” იწვევს. ამ დროს ზედაპირზე ტემპერატურა ძალიან სწრაფად იცვლება, რამაც შეიძლება მიკრობზარების გაჩენა ან ზედაპირის სრული დაზიანება განაპირობოს.
უჟანგავი ფოლადის შემთხვევაში კი, მაღალი ტემპერატურა ცვლის საწმენდი საშუალების ქიმიურ რეაქციას, რამაც შეიძლება მისი ფერი შეცვალოს. ასევე, სითხე უფრო სწრაფად ორთქლდება და ახალ, რთულად მოსაშორებელ ლაქებს ტოვებს.
ფიზიკური დაზიანების გარდა, არსებობს ქიმიური და პირადი უსაფრთხოების რისკებიც. ზოგიერთი საწმენდი საშუალება გახურებისას გამოყოფს მავნე ორთქლს, რომლის შესუნთქვაც საშიშია ჯანმრთელობისთვის. ამას ემატება პირდაპირი საფრთხეები —დამწვრობა ცხელ ზედაპირთან ან მის კომპონენტებთან შეხებისას.
აქედან გამომდინარე, ერთადერთი სწორი და უსაფრთხო მიდგომა მოთმინებაა. უმთავრესი წესია, ყოველთვის დაელოდოთ, სანამ გაზქურის ზედაპირები და მათი ყველა ნაწილი სათანადოდ გაგრილდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ წმენდა ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნათ არც საკუთარ თავს და არც ტექნიკას.
შეცდომა #4: დაღვრილი სითხეების დროულად არ იწმინდება და დიდხანს რჩება ზედაპირზე
მართალია, ცხელი ზედაპირის გაწმენდა არ შეიძლება, მაგრამ თუ სითხე — განსაკუთრებით შაქრის შემცველი — დაგეღვარათ, მაშინ დრო თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს.
ახლად დაღვრილი სითხე, დაძველებულ, მიმწვარ და გამაგრებულ ნარჩენებთან შედარებით, გაცილებით იოლი მოსაშორებელია. ამის მიზეზი ნათელია: ახალი ლაქები ქიმიურად უფრო მარტივი შემადგენლობისაა და ჯერ კიდევ არ არის ზედაპირზე მჭიდროდ მიკრული. შესაბამისად, სითხის დიდი ხნით დაყოვნება ნიშნავს, რომ მის მოსაშორებლად მეტი ძალისხმევა და, ხშირ შემთხვევაში, უფრო ძლიერი, დამაზიანებელი მეთოდების გამოყენება გახდება საჭირო.
განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდექით შაქრის შემცველ სითხეებს, რადგან ისინი მხოლოდ წებოვან ლაქას არ ტოვებს. მაგალითად, თუ ჯემს ხარშავთ და მისი რამდენიმე წვეთი ცხელ ზედაპირზე მოხვდა, მაგრამ მომენტალურად არ გაწმინდეთ, გაცივებასთან ერთად, ის მინას შეეწებება და მის სტრუქტურაში ჩაჯდება. ამან კი შეიძლება ზედაპირზე მოყვითალო, წერტილოვანი ლაქები გააჩინოს.
შაქრის გარდა, საყურადღებოა მჟავე პროდუქტებიც, მაგალითად, როგორიცაა, ძმარი. თუ ასეთი სითხე დიდხანს დარჩება ზედაპირზე, ის დააზიანებს მის სტრუქტურას და მასზე ლაქებს დატოვებს.
ამიტომ, აქაც მთავარია დროული რეაგირება: დაღვრილი პროდუქტი უნდა მოწმინდოთ დაუყოვნებლივ, როგორც კი ჩასაშენებელი გაზის ზედაპირი შეხებისთვის უსაფრთხო გახდება.
შეცდომა #5: თუჯის სადგამების არასწორი მოვლა, რაც დაჟანგებას იწვევს
ბევრი ადამიანი ყველა თუჯის სადგამს ერთნაირად წმენდს, რაც დიდი შეცდომაა. ეს იგივეა, რომ კლასიკური, დაუფარავი თუჯის ტაფა და პრიალა, ემალირებული ქვაბი ერთნაირი წესით გარეცხოთ. სინამდვილეში, სადგამები ორი ძირითადი ტიპისაა: დაუფარავი და ემალირებული თუჯი, და თითოეული მათგანი განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.
თუჯის სადგამები, რომლებსაც დამცავი ფენა არ აქვს, წყალში დიდხანს არ უნდა დატოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიჟანგება. საქმე იმაშია, რომ ასეთ თუჯს, ისევე როგორც თუჯის ტაფას, ბუნებრივი, ზეთისაგან შექმნილი დამცავი ფენა აქვს გარშემო, რომელიც წყალში ხანგრძლივი დაყოვნებით დაიშლება. მაგალითად, თუ სადგამს წყალში ერთი საათით ჩადებთ, შემდეგ კი ჰაერზე გააშრობთ, მასზე ნარინჯისფერ, ჟანგიან ნადებს შენიშნავთ, რომლის მოშორებაც რთული იქნება.
ემალირებული სადგამების დალბობა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ემალი დაზიანებული არ არის. თუ პრიალა საფარი გატეხილია, წყალი მაინც აღწევს თუჯამდე და მას შიგნიდან ჟანგავს .
ასევე, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რეცხვა, თუ ეს მწარმოებლის მიერ პირდაპირ არაა ნებადართული, აზიანებს ორივე ტიპის სადგამს — მაღალი ტემპერატურა და ძლიერი სარეცხი საშუალებები აცლის დამცავ ფენას როგორც დაუფარავ, ისე ემალირებულ თუჯს.
ემალირებული სადგამები შეგიძლიათ გარეცხოთ ცხელ, საპნიან წყალში არააბრაზიული ჯაგრისით. დაუფარავი თუჯის შემთხვევაში კი, მოერიდეთ წყალთან ხანგრძლივ კონტაქტს. გამოიყენეთ ჯაგრისი და მცირე რაოდენობით წყალი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბოლო ეტაპია: რეცხვის შემდეგ, ნებისმიერი ტიპის სადგამი დაუყოვნებლივ და ზედმიწევნით გაამშრალეთ რბილი ქსოვილით.
გაზქურის მოვლა არა იმდენად ფიზიკურ ძალისხმევას, რამდენადაც ცოდნასა და სწორი მიდგომის შერჩევას მოითხოვს. ერთი შეხედვით უწყინარმა ისეთმა, ქმედებებმა, როგორებიცაა, არასწორი ქიმიური საშუალების შერჩევა თუ ცხელი ზედაპირის ნაჩქარევად გაწმენდა, შეიძლება ჩასაშენებელი ზედაპირი დააზიანოს.
ამიტომ, გაზქურის მოვლის მთავარი პრინციპი მარტივია: მიზანი მხოლოდ ლაქების მოშორება კი არა, იმ მასალების — მინის, ფოლადისა და თუჯის — სტრუქტურისა და იერსახის გრძელვადიანი შენარჩუნებაა, რომლისგანაც გაზქურა შედგება.
ძალიან ვწუხვართ, ამ ბლოგში აღწერილი შეცდომები თუ თქვენთვის ნაცნობი აღმოჩნდა. ახლა უკვე სრულფასოვან ინფორმაციას ფლობთ და იცით რამ განაპირობა თქვენი გაზქურის ზედაპირის დაზიანება. საბედნიეროდ, შეცდომების გამოსწორების შანსი ყოველთვის არსებობს — გვესტუმრეთ, შეარჩიეთ გერმანული ხარისხის, თანამედროვე და მრავალფუნქციური ჩასაშენებელი ქურის ზედაპირები და შემდგომ ამ ბლოგში გაზიარებულ რჩევებს მიჰყევით.