ძიების რეზულტატი:
ყველა შედეგი

როგორ უნდა გამოიყენოთ ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი ისე, რომ 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა არ დაუშვათ

როგორ უნდა გამოიყენოთ ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი ისე, რომ 7 ყველაზე გავრცელებული შეცდომა არ დაუშვათ

ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმლის პრაქტიკული უპირატესობა საკვების სწრაფად და საჭირო რაოდენობით გაცხელების შესაძლებლობაა, რაც თანამედროვე, დინამიკური ცხოვრების რიტმში განსაკუთრებულად ღირებულია. 

ერთი შეხედვით, მისი გამოყენება მართლაც მარტივია: მხოლოდ საკვების მოთავსება, ღილაკზე თითის დაჭერა და შედეგის მოლოდინია საჭირო. თუმცა, სწორედ ამ სიმარტივის მიღმა იმალება გარკვეული ნიუანსები, რომელთა გაუთვალისწინებლობამაც შეიძლება სხვადასხვა სახის პრობლემა, მაგალითად, საკვების არათანაბარი გაცხელება ან, უარეს შემთხვევაში, ტექნიკის დაზიანება გამოიწვიოს. 

ჩვენ, Kuppersberg-ში, მომხმარებლებისაგან მიკროტალღური ღუმლის ოპტიმალური და უსაფრთხო გამოყენების შესახებ შეკითხვებს რეგულარულად ვიღებთ. ყველაზე ხშირად აინტერესებთ: რომელი ჭურჭლის გამოყენებაა რეკომენდებული? რა დროით უნდა გაცხელდეს კონკრეტული პროდუქტი? როგორ უნდა გაიწმინდოს ღუმელი ეფექტურად? სწორედ ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გასაცემად, გადავწყვიტეთ, ეს ინფორმაცია ბლოგის სახით გაგიზიაროთ.

შეცდომა #1: შეუსაბამო ჭურჭლის გამოყენება

მიკროტალღურ ღუმელში ლითონის ჭურჭლის მოთავსება კატეგორიულად აკრძალულია. ლითონის საგნები, იქნება ეს ჭურჭელი, ფოლგა თუ მეტალის კანტიანი თეფში, მიკროტალღებს ირეკლავს. შედეგად წარმოიქმნება ნაპერწკლები, რაც მოწყობილობის კამერასა და უარეს შემთხვევაში მაგნეტრონს — მიკროტალღების მთავარი წარმომქმნელი კომპონენტი — აზიანებს. 

ასევე, სიფრთხილე გმართებთ პლასტმასას კონტეინერების გამოყენებისას. ყველა პლასტმასა მიკროტალღურ ღუმლისათვის არ არის განკუთვნილი. იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერზე დატანილი არ არის შესაბამისი სიმბოლო — ჩანგალი, ტალღები ან წარწერა ,,Microwave Safe” — მაღალ ტემპერატურაზე ის დეფორმირებას დაიწყებს, გადნება და მავნე ქიმიურ ნივთიერებებს საკვებში შეიტანს. 

მაგალითად, ზოგიერთი ტიპის პლასტმასა შეიცავს ნივთიერება BPA-ს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებისას, BPA შეიძლება პლასტმასიდან პირდაპირ თქვენს საკვებში მოხვდეს. ეს კი საყურადღებოა, რადგან BPA ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საზიანო ნივთიერებადაა მიჩნეული. ამიტომ უმჯობესია თუ უარს იტყვით პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მასზე შესაბამისი აღნიშვნა არ არის დატანილი, და მას ცეცხლგამძლე მინის ან კერამიკის ალტერნატივებით ჩაანაცვლებთ.

მასალაუსაფრთხოა მიკროტალღურში?შენიშვნები
მინადიახდარწმუნდით, რომ არ აქვს ლითონის მოპირკეთება. ზოგიერთი თხელი მინის ჭურჭელი შეიძლება არ იყოს თერმომედეგი.
კერამიკადიახდარწმუნდით, რომ არ აქვს ლითონის საღებავი ან მოპირკეთება. არ გამოიყენოთ გაბზარული ან ატეხილი ჭურჭელი.
მიკროტალღურისთვის უსაფრთხო პლასტმასადიახეძებეთ წარწერა “მიკროტალღურისთვის უსაფრთხო”. ზოგიერთი შეიძლება დარბილდეს ცხელი საკვებით. მიჰყევით მწარმოებლის ინსტრუქციებს.
ლითონიარაშეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლები, ხანძარი და მიკროტალღურის დაზიანება. მოერიდეთ ყველა ფორმის ლითონს, მათ შორის კონტეინერებს, ფოლგას და დანა-ჩანგლებს.
პენოპლასტიარაშეიძლება დადნეს ან დეფორმირდეს, რამაც პოტენციურად შეიძლება საკვებში მავნე ნივთიერებები გამოყოს.
არა-მიკროტალღურისთვის უსაფრთხო პლასტმასაარაშეიძლება გამოყოს მავნე ქიმიური ნივთიერებები გაცხელებისას და შეიძლება დადნეს ან დეფორმირდეს. მოერიდეთ იმ კონტეინერების განმეორებით გამოყენებას, რომლებიც სპეციალურად არ არის განკუთვნილი მიკროტალღურში გამოყენებისთვის.
ქაღალდი (სადა)დიახმოკლევადიანი გაცხელებისთვის. მოერიდეთ გადამუშავებული ქაღალდის პროდუქტებს, თუ ისინი სპეციალურად არ არის დამტკიცებული მიკროტალღურში გამოყენებისთვის.
ქაღალდის პარკებიარახანძრის რისკი.

შეცდომა #2: უფრთხილდით ცარიელი ღუმლის ჩართვას

თუ სახლში ბავშვი გყავთ, ტექნიკასთან განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, რადგან მან, ახალი ნივთების შესწავლის მიზნით, შესაძლოა უნებლიედ მოწყობილობა გააქტიუროს ან სენსორულ დისფლეიზე შეიძლება თითი თავადვე დაგეჭიროთ. 

მიკროტალღური ღუმლის ცარიელ მდგომარეობაში ჩართვა მისთვის საზიანოა. მიზეზი მარტივია: მაგნეტრონის მიერ გამომუშავებულ მიკროტალღებს სჭირდება ობიექტი (საკვები ან სითხე), რომელიც ამ ენერგიას შთანთქავს. როდესაც ღუმელი ცარიელია, ენერგია ვერ შეიწოვება და უკან, მაგნეტრონისკენ აირეკლება. ეს იწვევს მის გადახურებას და მოწყობილობა ზიანდება. 

შეცდომა #3: საშიშია არასაკმარისი ვენტილაცია (განსაკუთრებით ჩასაშენებელ მოდელებში)

ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელის დაყენებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვენტილაციას. რადგან ღუმელი ჩაკეტილ სივრცეში თავსდება, მუშაობისას მის შიდა კომპონენტებს გაგრილება სჭირდება, რისთვისაც ჰაერის თავისუფალი მოძრაობა და სითბოსაგან გათავისუფლებაა აუცილებელი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მოწყობილობაზე არსებული სპეციალური სავენტილაციო ღიობები.

რა მოხდება, თუ ეს ღიობები დაიბლოკება? მარტივად რომ ვთქვათ, თუ ღუმლის გარშემო ჰაერი თავისუფლად ვერ იმოძრავებს — არასწორი მონტაჟის ან ახლოს განთავსებული ნივთების გამო — გამოყოფილი სითბო დაგროვდება და მოწყობილობის ნაწილები გადახურდება. ეს კი საბოლოოდ მუშაობის შეფერხებას, ეფექტურობის დაქვეითებას ან მოწყობილობის დაზიანებას გამოიწვევს.

ამის თავიდან ასაცილებლად, მონტაჟის დროს აუცილებელია ზუსტად დაიცვათ მწარმოებლის ინსტრუქციები — დატოვოთ რეკომენდებული მანძილი ღუმელსა და კარადას შორის და დარწმუნდეთ, რომ სავენტილაციო ღიობები ღიაა. 

შეცდომა #4: მხოლოდ მაქსიმალური სიმძლავრის გამოყენება

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უკეთესად და სწრაფად გაცხელდება საკვები. ამის გამო, ბევრი იყენებს მხოლოდ მაქსიმალურ რეჟიმს. სინამდვილეში, ეს ყოველთვის საუკეთესო არჩევანი არ არის და ზოგჯერ შედეგსაც კი აფუჭებს.

მაქსიმალური სიმძლავრის არასწორი  გამოყენების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია გაყინული პროდუქტების გალღობა. ასეთ დროს, ხშირად პროდუქტის გარე ფენა იხარშება, შიდა ნაწილი კი კვლავ გაყინული რჩება. 

ანალოგიური პრობლემა შეიძლება შეიქმნას, მაგალითად, კარაქის გადნობისას. იმის ნაცვლად, რომ კარაქი თანაბრად გადნეს, მაღალ ტემპერატურაზე ის შეიძლება უეცრად გასკდეს და ღუმლის კედლები დაასვაროს.

სხვადასხვა სიმძლავრის დონე სხვადასხვა მიზანს ემსახურება:

  • დაბალი სიმძლავრე: გამოიყენეთ მაშინ, როდესაც გინდათ, რომ გაყინული პროდუქტი ნელა და თანაბრად გალღვეს;
  • საშუალო სიმძლავრე: ეს რეჟიმი საუკეთესოა, თუ გინდათ, რომ კერძი თანაბრად და კარგად გაცხელდეს;
  • მაღალი სიმძლავრე: ჩართეთ მაშინ, როცა გჭირდებათ სითხის (მაგალითად, წყლის ან ჩაის) სწრაფად ადუღება;

შეცდომა #5: საკვების დაუფარავად გაცხელება

მიკროტალღურ ღუმელში საკვების დაუფარავად გაცხელება ორ მთავარ პრობლემას ქმნის. პირველი არის სისუფთავე: გაცხელების პროცესში სოუსებიდან, ცხიმიანი კერძებიდან თუ სხვა სითხეებიდან, შხეფები ღუმლის შიდა კედლებზე ხვდება. ამ ლაქების მოშორება კი, დაგვეთანხმებით, რომ დამატებით დროს და ძალისხმევას მოითხოვს.

გარდა სისუფთავის შენარჩუნებისა, დაფარვა საგრძნობლად აუმჯობესებს გაცხელების ხარისხსაც. საქმე ისაა, რომ თავსახური (აუცილებლად მიკროტალღურისთვის უსაფრთხო) საკვებიდან გამოყოფილ ორთქლს შიგნითვე აკავებს. ეს შენარჩუნებული ორთქლი კი სითბოს თანაბრად განაწილებას უწყობს ხელს. შედეგად, კერძი უფრო სწრაფად და ერთგვაროვნად ცხელდება, არ შრება და მეტ სინოტივესა და უკეთეს ტექსტურას ინარჩუნებს.

შეცდომა #6: არასათანადო გაწმენდა

კამერის შიგნით დარჩენილი და მიმხმარი საკვების ნარჩენები რამდენიმე პრობლემას ქმნის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის არასასიამოვნო სუნი, რომელიც ღუმელში რჩება და შემდეგ გაცხელებულ ნებისმიერ პროდუქტზე გადადის. მაგალითად, თუ წინა დღეს თევზი გააცხელეთ და ღუმელი არ გაწმინდეთ, მეორე დღეს პიცას შესაძლოა თევზის უსიამოვნო სუნი ჰქონდეს. ამასთან, ერთად ბაქტერიების გამრავლებისათვის ხელსაყრელი გარემო იქმნება.

ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ მიკროტალღურ ღუმელში დარჩენილი საკვების ნარჩენები გამოსხივებულ ენერგიას შთანთქავს. ეს ამცირებს ღუმლის მიერ საკვებზე მიწოდებულ სასარგებლო ენერგიას, რის გამოც გაცხელების პროცესი ჭიანურდება. გარდა ამისა, მიმწვარმა ნარჩენებმა, შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკალი ან კვამლი, თუმცა ეს იშვიათად ხდება.

როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე? ნესტიანი ქსოვილით რეგულარულად გაწმინდეთ ღუმლის შიდა ზედაპირი, მბრუნავი თეფში და კარი. თუ რაიმე დაიღვარა, ეცადეთ, მაშინვე მოწმინდოთ. პერიოდულად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი ხრიკი: მოათავსეთ ღუმელში წყლითა და ლიმონის ნაჭრებით (ან ცოტა ძმრით) სავსე ჯამი და ჩართეთ მაღალ სიმძლავრეზე რამდენიმე წუთით. წარმოქმნილი ორთქლი დაარბილებს მიმხმარ ლაქებს და მათი მოწმენდა გაცილებით ადვილი გახდება. ამ პროცესს ამარტივებს ისიც, რომ ბევრ თანამედროვე ღუმელს, მათ შორის Kuppersberg-ის მოდელებს, ადვილად წმენდადი შიდა საფარი (უჟანგავი ფოლადი ან ემალი) აქვს.

შეცდომა #7: სითხეების სახიფათო გაცხელება (ზეგახურება)

არსებობს კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საყურადღებო რისკი. მიკროტალღურმა ღუმელმა შეიძლება წყალი დუღილის ტემპერატურაზე (100°C) მეტად გააცხელოს ისე, რომ ბუშტუკები არ წარმოიქმნას. ამას გადახურება (superheating) ჰქვია. ეს იმიტომ ხდება, რომ წყალი ძალიან სწრაფად ცხელდება და ბუშტუკები წარმოქმნას ვერ ასწრებს.  ასეთი, ვიზუალურად შეუმჩნეველი, მაგრამ ზედმეტად გაცხელებული წყალი არასტაბილურია. მცირე ბიძგმაც კი (კოვზის ჩადება, შაქრის ჩაყრა, ჭიქის შენჯღრევა) შეიძლება წყლის უეცარი გადმოდინება გამოიწვიოს, რასაც შეიძლება სერიოზული დაზიანება, დამწვრობა მოჰყვეს. 

საბედნიეროდ, მოულოდნელი გადმოსვლის რისკის შემცირება რამდენიმე მარტივი წესის დაცვითაა შესაძლებელი, მაგალითად:

  • ნუ გააცხელებთ სითხეს იმაზე დიდხანს, ვიდრე საჭიროა. რაც უფრო დიდხანს ცხელდება, მით მეტია გადახურების შანსი;
  • კარგი ხერხია, გაცხელებისას სითხიან ჭიქაში რაიმე არალითონური ნივთი, მაგალითად, ხის პატარა ჩხირი ან კოვზი ჩადოთ. ეს დუღილის პროცესს აჩქარებს და ბუშტუკებს წარმოქმნის;
  • თუ ფიქრობთ, რომ სითხე საკმაოდ დიდხანს იყო ღუმელში, გამოღებამდე კარი გააღეთ და დააცადეთ რამდენიმე წამი;
  • ჭიქის გამოღების შემდეგ, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით პირველი მორევისას ან შაქრის, ყავის თუ სხვა რამის დამატებისას, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ხოლმე უეცარი გადმოსვლა.

და ბოლოს, ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმლის სწორი და ეფექტური გამოყენება რამდენიმე მნიშვნელოვან, თუმცა მარტივად დასაცავ, პრინციპს ემყარება. ამ შვიდი გავრცელებული შეცდომის თავიდან არიდებით დაიცავთ პირად უსაფრთხოებას, გაახანგრძლივებთ ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმლის ექსპლუატაციის ვადას და კერძებსაც უფრო ეფექტურად  გააცხელებთ. 

ნუ დაგავიწყდებათ, გაეცნოთ კონკრეტული მოდელის ინსტრუქციასაც, რადგან იქ შეიძლება დამატებითი რეკომენდაციები იყოს მოცემული. 

თუ ეძებთ მიკროტალღურ ღუმელს, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, დახვეწილ დიზაინს და ფუნქციებს, რომლებიც ამ ბლოგში განხილული რჩევების დაცვას გაგიმარტივებთ. გვეწვიეთ და შეარჩიეთ სასურველი მოდელი მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან.


კალათა
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.
კატალოგი
ტექნიკური მხარდაჭერა

საინფორმაციო ცენტრი

+995 32 203 33 13

დამირეკე
მოითხოვე ზარი
კატალოგი